თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს, არ შეესაბამება სიმართლეს და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია შსს-ის თანამშრომლების გადადგომის შესახებ, რომელმაც, თითქოს მასობრივი ხასიათი მიიღო. გადადგომის მიზეზად სახელდება თანამშრომელთა უკმაყოფილება ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებას ევროპული კურსის ცვლილება უწოდა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიმართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების და თითოეული თანამშრომლის დისკრედიტაციისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრების მხრიდან მიზანმიმართული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება ემსახურება საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას.
რაც შეეხება გადადგომის კონკრეტულ ფაქტს, იყო მხოლოდ ერთი და საუბარია ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსზე.
„რაც შეეხება, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სოციალურ ქსელში შაიშმელაშვილმა დაწერა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
საპროტესტო ტალღა არ წყდება, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.