ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მონაწილეობა: შსს-მ ხუთი პირი დააკავა

დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 27-დან 49 წლამდეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეცაა.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა, დემონსტრანტები პოლიციის მისამართით აღარ ისვრიან პიროტექნიკას, ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს", ძალოვანები კი აღარ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შსს-ს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრალდებულთა და მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტქნიკა, სამხედრო ტანსაცმელი და აირწინაღები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე, რომელიც 3 დეკემბერს ერთ-ერთ სკოლაში მივიდა და ბავშვებს გაკვეთილების დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ერთი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დროა სკოლებმა, უნივერსიტეტების მსგავსად, სოლიდარობა გამოუცხადონ პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 23 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 13 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად - 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
საპროტესტო ტალღა არ წყდება, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რათა 2028 წლის ბოლოსთვის საქართველო იყოს სათანადოდ მზად ეკონომიკური თვალსაზრისით 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს ხელი.