თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 42 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევია, ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.