თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. გერმანია არ განახორციელებს ახალ პროექტებს და არ გააფორმებს საქართველოსთან სასესხო ხელშეკრულებებს - ქვეყანამ დაიწყო ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა, ნათქვამია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. პრეზიდენტმა, ოპოზიციამ, ასევე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
„საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება ან განხორციელება არ მოხდება და არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, რომ ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად შემდგომი ზომები მიიღოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენია შულცემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება, დროებით მაინც, თავისი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს ბლოკავს.
„ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ყოველდღე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩებში გამოდის, რადგან მათ ევროპული საქართველო სურთ. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული“, განაცხადა შულცემ.
მისი თქმით, განვითარების სამინისტრო აქამდე საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერდა, მაგრამ საქართველოს ამ მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება.
„მომავალში, ეს ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს იქ, სადაც ეს ქვეყნის ევროპულ კავშირებს გააძლიერებს“, - აღნიშნა მან.
ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი წინა დღეებში აზიანებდა ინფრასტრუქტურას, ესროდა ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით ხუთიდან სამ დაკავებულს ბრალი აქვს წარდგენილი წყლის ჭავლის მანქანის „მოლოტოვის კოქტეილით“ დაზიანების ფაქტზე.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული აგრესიული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების ნიადაგის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ამ საკითხს შანტაჟის იარაღად იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.