სარჯველაძე: C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო, ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წელს ამოქმედდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
სარჯველაძის განცხადებით, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას
„სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს საზოგადეობაში გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას მიმდინარე ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, მინისტრმა განმარტება გააკეთა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც, თითქოს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა შეიძლება შეწყდეს.
„ასეთი განცხადებების გავრცელების ან შიშის არავითარი მიზეზი ობიექტურად არავის გააჩნია. ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. მინდა, საზოგადოება იყოს მშვიდად და არ აყვეს ასეთი ტიპის ინფორმაციებს, რომლებიც ემსახურება ერთადერთ მზიანს - ცრუ პანიკა გამოიწვიოს საზოგადოებაში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
С ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც С ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ჰეპატიტი, რომელიც შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით ციროზისა და კიბოს ჩათვლით.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო. მისი ეფექტურობა 99% აღმოჩნდა.
საქართველოში С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა.
С ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების გზების კუთხით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებლები, პირები, რომლებიც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას, ასევე სხვა სამედიცინო მანიპულაციებს, პირები, რომლებსაც ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტები.
მთელ მსოფლიოში С ჰეპატიტით დაახლოებით 58 მლნ ადამიანია დაავადებული, ამასთან ყოველწლიურად ინფიცირების დაახლოებით 1,5 ათასი შემთხვევა ვლინდება. ჯანმოს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) მონაცემებით, ქრონიკული С ჰეპატიტით დაავადებულია 3,2 მლნ ბავშვი და მოზარდი.
ჯანმოს კამპანია ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 28 ივლისს აღინიშნება, მიმდინარეობს ლოზუნგით „ერთი სიცოცხლე, ერთი ღვიძლი“.