რამდენი ადამიანი დაშავდა საპროტეტსტო აქციაზე 1-ელ დეკემბერს?

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. 1-ელ დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში 37 ადამიანი გადაიყვანეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
სარჯველაძის თქმით, დაშავებულთა შორის აქციის 24 მონაწილე, მედიასაშუალების ერთი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 12 წარმომადგენელია.
„დაშავებულ მოქალაქეებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ... უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც კლინიკებში შედიან პოლიციელები. მათ აღენიშნებათ ტრავმები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი", - განაცხადა სარჯველაძემ.
ყველას მოვუწოდებ დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა დასძინა მინისტრმა.
კვირას, 1-ელ დეკემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19:00 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით 07:00 საათზე დასრულდა - სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების საპოლიციო ღონისძიებები დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყეს.
შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, პროტესტის დაწყების დღიდან - 28 ნოემბრიდან დღემდე ადმინისტრაციული წესკით ჯამში 224 პირია დაკავებული.