პრემიერი: „ნაცმოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის ყველა საფუძველი არსებობს

კოლექტიური „ნაცმოძრაობა" თვითლიკვიდაციის რეჟიმშია, განაცხადა კობახიძემ.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დღეებში ღიად გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, რაც საფუძველს იძლევა პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცესის დასაწყებად მმართველ გუნდში საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის პირობებშიც კი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებდა, დაიწყებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მემკვიდრე პარტიებისა და სატელიტი ორგანიზაციების არაკონსტიტუციურად აღიარების მიზნით სამართლებრივ პროცედურას. აღნიშნული პარტიების ლიდერების პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე მმართველ პარტიაში არჩევნების შემდეგად დაიწყეს საუბარი. საუბარია ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც უარს აცხადებენ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვების აღიარებაზე.
„ჩვენ არჩევნების წინ ვლაპარაკობდით პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესაძლებლობაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას. თუმცა, ეს ადამიანები ისე ატარებენ პროცესებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც შეიძლება მსგავსი საკითხის ინიცირება“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ თვითლიკვიდაციის რეჟიმშია.
„ამ დღეებში ისინი ღიად დაუპირისპირდნენ, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციურ წყობას, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ პოლიტიკური პარტია არაკონსტიტუციურად გამოვაცხადოთ. დაველოდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი ჩვენს ხელშია", - განაცხადა კობახიძემ.
გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის", „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. „ქართულ ოცნებაში“ ყველა ამ პარტიას უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას.
პრემიერის თქმით, იმაზე, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ოპოზიციის, კერძოდ, ამ ოთხი პარტიის წარმომადგენლებს.
საუბარია საპროტესტო ტალღაზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
„ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა... გუშინ მათ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ამ კოორდინირებული ძალადობის უკან დგანან. რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, ამიტომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მსხვერპლად სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს.
გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის" შედგება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაარსებული პარტიებისგან.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ხერხემალია პარტია „ლელო საქართველოსთვის", რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მიერ შეიქმნა. პარტია „საქართველოსთვის“ კი „ქართული ოცნების“ ყოფილმა წარმომადგენელმა, ექს-პრემიერმა დააარსა.
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნის წინა ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი ინდივიდუალურად წარსდგა სასამართლოს წინაშე. ამჯერად „ქართული ოცნების“ გეგმებშია ამ ადამიანებთან დაკავშირებული პოლიტიკური ორგანიზაციების დასჯა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს წინა ხელისუფლების მმართველობის სასტიკი მეთოდები: ძალადობა, ბიზნეს-რეკეტი, შანტაჟი და მუქარა.
უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს საუბარი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გამო ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის დაყენებაზე.