შსს: ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებზე 113 სამართალდამცველი დაშავდა

უწყების განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციებზე ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, 1-2 დეკემბერს აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უწყების 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულთა ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფები, ისევე როგორც წინა დღეებში, თავს დაესხნენ პოლიციელებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ესროლეს ქვები, პიროტექნიკა, მინის ბოთლები და რკინის ნივთები.
„რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კვირას, 1-ელ დეკემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია 19:00 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით 07:00 საათზე დასრულდა - სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების საპოლიციო ღონისძიებები დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყეს.
დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ამ დროისთვის თავისუფალია დემონსტრანტებისგან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას, აგებდნენ ბარიკადებს, ანთებდნენ კოცონს, საპასუხოდ კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იღებდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია - ტერიტორია მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაასუფთავეს.