პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. როგორც კი ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დოკუმენტს მაგიდაზე დადებს, მთავრობის მეთაური მზად არის მას ხელი მოაწეროს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვირას გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკითვის მიმართვისას.
ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, კობახიძემ გააჟღერა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. ეს კი, ჰერჩინსკის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული მომავალი 4 წლის განმავლობაში გაყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.
„მინდა, შევახსენო ევროკავშირის ელჩს: დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი და ასეთივე ღირსეულ დამოკიდებულებას ველით ევროპული სტრუქტურებიდანაც, რაც ქართული საზოგადოების დაკვეთაა“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.
„სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი „ენჯეოების“ თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო.
„ბუნებრივია, ამგვარი მოვლენებიც სერიოზულად არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი", - განაცხადა პრემიერმა.
28 ნოემბრიდან თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ტარდება, რაც გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა.
შსს-ის ინფორმაციით, აქციაზე 200 ადამიანი დააკავეს. მათ, ძირითადად, სამართალდამცველთა ბრძანებების დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.