კალაძე: მალე საქართველოს ეყოლება სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი და არა მოღალატე აგენტი

სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეყოლება თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი, ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მემკვიდრის არჩევის შემდეგაც კი უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში საზოგადოების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს გამართავს, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ავირჩევთ პრეზიდენტს. ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, ღირსეული და რაც მთავარია, პატრიოტი, თავისი ქვეყნის და სამშობლოს მოყვარული ადამიანი და არა მოღალატე აგენტი. ზურაბიშვილი ოთხ კვირაში დაამთავრებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია - 29 დეკემბერს. პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით.
27 ნოემბერს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი - პარტია „ხალხის ძალის" წევრი, სამი მოწვევის პარლამდენტის დეპუტატი - დაასახელა.
რაც შეეხება ოპოზიციას, რამდენიმე ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე - პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.
სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება. იგი ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. მომავალ პრეზიდენტს აირჩევს არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა. 2018 წლის აგვისტოში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სექტემბრის დასაწყისში კი მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა და საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს.
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.