შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ

რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეები დღესაც შეიკრიბნენ, ისინი საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა.
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
უწყების მტკიცებით, აქციაზე მყოფ პირებმა ნაწილის ქმედებები აქციის დაწყებიდან მალევე ძალადობრივი გახდა.
„კერძოდ, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები. ამავდროულად, აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შსს-ს განცხადებით, პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება.
პროტესტის ქრონიკა
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
წყარო - შსს