შსს აქციის მონაწილეებს მიმართავს

რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეები დღესაც შეიკრიბნენ, ისინი საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები შეჩერდა.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, დააზიანეს განათების ფანრები და სხვა ინვენტარი, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ელექტრო გაყვანილობას. პოლიციელების მისამართით ისვრიან გაურკვეველ საგნებს, დაშავებულია ერთი პოლიციელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
წუხელ ღამით სპეცრაზმმა, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დაშლისკენ არაერთი მოწოდების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა. პოლიციამ 43 პირი დააკავა.