სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში

ამ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლების განხორციელებაში არ ჩაერიოს.
28 ნოემბრის საღამოს საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, აქციის მონაწილეებს კი პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
ამ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული.