თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მის გაუქმებამდე იმოქმედებს.
„წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და „წიწაკის სპრეის" გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები. გაფრთხილების მიუხედავად, მომიტინგეები არ იშლებოდნენ. დარბევები და დაკავებები დილის 7 საათამდე გაგრძელდა.
ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 43 პირი, ხოლო 32 პოლიციელი დაშავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მომიტინგე და ჟურნალისტი დაშავდა.