ევროკავშირის ელჩი საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს

პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“, ნათქვამია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის გვერდზე „სინამდვილეში“.
კომუნიკაციების დეპარტამენტს მოჰყავს ჰერჩინსკის ციტატა: „გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობ ნამდვილად, ნამდვილად სამწუხაროა“.
„ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით. სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. 2017 წელს ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, ხოლო 2023 წელს ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღო.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე. ამას მოჰყვა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რომელიც გამთენიისას მომიტინგეთა დარბევით დასრულდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
გარდა ამისა, ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია სექტემბერში მიღებულმა კანონმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
კრიტიკა გაგრძელდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა, ასევე მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ ერთხმად ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".
ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.