თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა — ვლადიმირ პუტინმა და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ასტანაში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ახალი გლობალური წესრიგის კონტექსტში, იუწყება „რია ნოვოსტი“.
როგორც პუტინმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველაზე დინამიურად და საუკეთესოდ ვითარდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი რჩება ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორად — გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერის თქმით, ვითარდება ჰუმანიტარული კავშირები სამოქალაქო საზოგადოებების, განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებებით.
„ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება ადგენს ახალ ამბიციურ მიზნებს ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. მათ განხორციელებას ხელს შეუწყობს მრავალი სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს: ენერგეტიკიდან და ტრანსპორტიდან ჯანდაცვამდე და მართლმსაჯულებამდე“, – აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, ტოკაევმა განაცხადა, რომ ურთიერთობები მოსკოვსა და ასტანას შორის აღმავალი ხაზით ვითარდება და შეუქცევადი დინამიკა შეიძინა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ეს თანამშრომლობა არ შენელდეს, ქვეყნებს შორის ვაჭრობა წარმატებით განვითარდეს და საინვესტიციო თანამშრომლობა გაღრმავდეს.
ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება ასტანაში, სადაც ის ხუთშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაში იღებს მონაწილეობას.