ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი შეიცვალა

მანამდე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი იყო 242 14 24.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზს შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების ალბათობა. იყო გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნიდა დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ერთიან ბაზაში მოექცევა შეტყობინებების მიღების, საქმის წარმოების, შესრულებისა და ეკიპაჟების გადაადგილების სისტემა, რაც გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას.
დედაქალაქის მერმა შსს-ს და „112“-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მანამდე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი იყო 242 14 24.
„112“ - ერთიანი ნომერია, სადაც რეკავენ ხანძრის შემთხვევაში, პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის გამოსაძახებლად.