თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოციგურავეების ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს ISU-ს გრან-პრის ფინალში, იუწყება „პირველი არხი".
ISU-ს გრან-პრის ფინალს, რომელიც 5-8 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთის ქალაქი გრენობლი უმასპინძლებს. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გრან-პრის სერიის ეტაპები 24 ქულით დაასრულეს, საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალში ერთმანეთს სულ ექვსი წყვილი შეეჯიბრება – კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საქართველოდან და აშშ-დან.
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა 23 ნოემბერს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირ Challenger Series-ზე წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, ნოემბრის დასაწყისში ტოკიოში NHK Trophy-ს გრან-პრიზე სპორტულ წყვილებს შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს - წყვილმა ორი პროგრამის ჯამში 213,05 ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.
პირველ ერთობლივ სეზონზე მეტელკინამ და ბერულავამ კაუნასში მიმდინარე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. წყვილის მწვრთნელია პაველ სლიუსარენკო.