თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor-მა გუდაური „ევროპის ხუთ შეუფასებელ სამთო კურორტს“ შორის დაასახელა.
Tripadvisor-ი მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.
სტატიაში -„ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“, საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდა.
„გუდაური ბიუჯეტური კურორტია, თუ გამოცდილი მოთხილამურე ხართ, არ გამოტოვოთ ღამის სრიალი. პარაპლანი უმაღლესი სათავგადასავლო ტურია, დიახ, აქ ზამთარშიც შეიძლება გაფრენა. აუცილებლად დაიტოვეთ დრო თბილისისთვისაც და ეწვიეთ ძველ ქალაქს“,- დაწერა ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა, რომელმაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში იმოგზაურა.
სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს, დააგემოვნონ ხაჭაპური, ჯიპტურით მოიარონ გერგეტის სამება, ანანურის ციხე და სხვა ისტორიული ადგილები.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.
კურორტი გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.
გუდაური დამსვენებლებს წელს სრულიად ახალი სათხილამურო ზონებით შეხვდება. კერძოდ, დაემატა ახალი ოთხკილომეტრიანი ტრასა და ტრასების საერთო სიგრძემ ჯამში 80 კილომეტრი შეადგინა.
საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.