მისი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სებ-ი ბანკებისთვის სანქციებს გაამკაცრებს

ბრძანების პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მისი მოთხოვნებისა თუ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმებს გაუზრდის - ცვლილებების პროექტი მარეგულირებლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შესული ცვლილებების თანახმად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0,01%, 0,05%, 0,1%, 0,5 ან 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ათასი ლარისა. მოქმედი ვერსიით, ჯარიმა შეადგენს საზედამხედველო კაპიტალის 0,01, 0,05 და 0,1%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 20 ათასი ლარისა.
მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად.
„აღნიშნული ბრძანების პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზეა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევა. ასევე, მოქმედი კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოება ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობა", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ბრძანების პროექტი საჯარო განხილვის მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული.