თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების სამსახურებისა და სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას საერთაშორისო ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ, იტყობინება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო.
„მემორანდუმში დაფიქსირდა მხარეთა სურვილი, გააძლიერონ კოორდინირებული ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე გააფართოვონ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობის ფორმები და სფეროები ეროვნულ სადაზვერვო სამსახურებს შორის, რათა ეფექტურად აღკვეთონ შიდა და საგარეო საფრთხეები, რომლებიც გავლენას ახდენენ თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
პეტერბურგის შეხვედრას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სპეცსამსახურებისა და დაზვერვის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრა დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისალმებით, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარემ, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა წაიკითხა. თავად პუტინი ფორუმს არ ესწრებოდა. როგორც განიმარტა, ამის მიზეზი სანიტარული ნორმები იყო.