თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. ათონის წმინდა მთაზე ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგები დარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქართული ვაზის ჯიშები ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე გაშენდა.
კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი 13 ნოემბერს, 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს დაირგო.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ასევე ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა.
ქართული დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა თესალონიკში გელა ჯაფარიძემ გაუწია.