თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტდა - პირველ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნეს, აირჩიეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე.
აჭარის უმაღლეს საბჭოს, მესამე ვადით, დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა, 5%-იანი ბარიერი ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა: „ქართული ოცნება“ (13 მანდატი); „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (4); „საქართველოსთვის“ (2); „კოალიცია ცვლილებისთვის“ (1) და „ძლიერი საქართველო“ (1).
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების" ახლადარჩეული დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და უარს აცხადებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობით ლეგიტიმაცია მისცეს მას.
აჭარის უმაღლესი საჭბსო თავმჯდომარედ, 13 ხმით, კვლავ დავით გაბაიძე აირჩიეს, მისი მოადგილე გახდა რამაზ ჯინჭარაძე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ავტონომიის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.