World Travel Awards: ბათუმი ტურიზმის „ოსკარზეა“ ნომინირებული

ბათუმს ტურისტული „ოსკარი“ ექვსჯერ აქვს მოგებული
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბათუმი წარდგენილია World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე, რომელიც ცნობილია როგორც ტურისტულ „ოსკარი“, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმი მელბორნის (ავსტრალია), ოსლოს (ნორვეგია), ჟენევის (შვეიცარია), მიუნხენის (გერმანია), ასპენის (აშშ), ბეიჯინისა (ჩინეთი) და ვისლერის (კანადა) გვერდითაა დასახელებული.
World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 24 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი.
„ღონისძიებაზე გაირკვევა, რამდენად შეძლებს ბათუმი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების სტატუსის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, ახალი ჯილდო მოიპოვოს“, - აღნიშნულია ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.
2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ მოიპოვა.
2023 წელს ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას უმასპინძლა. ე.წ ტურიზმის „ოსკარის“ საიუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
World Travel Awards დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.