თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში - Orange Wine Festival მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ქართული ღვინო გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წარადგინეს.
„ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის 350-მდე ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, სლოვენია, სერბეთი, სლოვაკეთი და დიდი ბრიტანეთი.
უწყების ცნობით, სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ღვინის მიმართ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.
წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო