სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

მსგავს საზღვაო სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა პირველად განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Phoenix Express 2024 მონაწილეობა მიიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის (NAVEUR) მიერ ორგანიზებული საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკაში ქალაქ ბიზერტასა და ლა-გულეტში ხმელთაშუა ზღვაზე 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღონისძიებაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო უსაფრთხოებისა და კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების, მყვინთავთა და მცირე კატარღების შემადგენლობის, ასევე სწავლების შტაბში მივლენილი ოცი თანამშრომელი მონაწილეობდა.
სწავლების დასრულების შემდეგ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო 5 მათგანი ტუნისის სამხედრო-საზღვაო ძალების სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.
ღონისძიებაში 37 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საზღვაო სწავლების მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების შესაძლებლობების შეფასება, თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელების მიმართულებით.