საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე დასახელდა

Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მთავრობის მეთაურის პოსტზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაამტკიცა, ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი წესდების თანახმად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად“, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს, მდინარაძის თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ კვლავ წარადგენს საკანონმდებლო ორგანოს მოქმედ ხელმძღვანელს, შალვა პაპუაშვილს.
მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნის საკითხიც განიხილეს.
„ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა მდინარაძემ.