შსს-მ საპროტესტო აქციის დროს თსუ-ში სპეცრაზმის ყოფნის შესახებ ინფორმაცია უარყო

მას შემდეგ, რაც თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სპეცრაზმის შესვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სტუდენტებმა რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომა მოითხოვეს.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 18-19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შსს-ის სპეციალური შტაბი იყო მოწყობილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის აქციების კერად იქცა - ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, ჭავჭავაძის გამზირზე სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია 17 ნოემბერს დაიკავეს. აქციის მონაწილეებმა ჯერ კარვები გაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია სამარშრუტო ტაქსებით, ქვიშით სავსე ტომრებით, ნაგვის ურნებითა და სხვა საგნებით ჩახერგეს.
18 ნოემბრის დაახლოებით 07:00 საათზე ადგილზე ძალოვანები გამოჩნდნენ და გზის სავალი ნაწილის გაწმენდა მოითხოვეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ კანონის თანახმად, გზის გადაკეტვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული იძულებითი ღონისძიება გამოწვეულია ხალხის სიმრავლს გამო.
„გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი,“- ნათქვამია განცხდებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას შემდეგ შევიდნენ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
„აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც 19 ნოემბრის დილით, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სპეცრაზმის შესვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, სტუდენტებმა რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომა მოითხოვეს.
გუშინ სტუდენტების ნაწილმა მოახერხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეღწევა. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ დაშლას და შენობის დატოვებას იმ დრომდე, ვიდრე მათი მოთხოვნა რექტორის გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდება.
ამასთან, ტელეკომპანია „იმედმა“ თსუ-ის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოითხოვა, რომლებშიც ჩანს, რომ სპეცრაზმი უნივერსიტეტის ეზოში არ შესულა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უწყვეტი კადრები ადასტურებს, რომ პოლიცია იქ მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან ცეცხლი დაანთეს. ისინი იცავდნენ უნივერსიტეტის ეზოს და არ მონაწილეობდნენ აქციის მონაწილეებისგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდაში.
თსუ-ში სტუდენტების პროტესტის პარალელურად, 19 ნოემბერს ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიციის აქცია ქუჩაში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა საღამოს ისევ გაშალეს კარვები და ღამე იქ გაათიეს.
პოლიციამ, როგორც ერთი დღით ადრე, ჭავჭავაძის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება გამთენიისას დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირიდან აქციის მონაწილეების გაყვანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა და აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისთვის 15 წუთი მისცა. შემდეგ პოლიციამ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვით აქციის მონაწილეები აიძულა მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, რომელმაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, ოპოზიცია უახლოეს მომავალში დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას წარუდგენს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ, მელიქიშვილის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ვინ და რას აპროტესტებს
აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის", რომელთა ლიდერები მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
აქციებში რიგითი მონაწილეების სახით მონაწილეობენ დანარჩენი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში - კოალიცია „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მეშვეობით მიეღოთ აღიარება საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცესკოსთვის, ისე სასამართლოებისთვის, გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
მოსარჩელეების თქმით, ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად, არის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა.
სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
გარდა ამისა, პარლამენტის 30-მა დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.