ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა შეიზღუდება

მოძრაობის შეზღუდვა გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის გამო გახდა აუცილებელი.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოების გამო 21 და 22 ნოემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოსახლეობას.