შსს: აქციის მიმდინარეობისას დაკავებულია 16 პირი

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ხელწერილით გაუშვეს, განუცხადეს „პირველ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები კვირას, საღამოს გაშალეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ აქციის დაშლა სამშაბათს დილით დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა.
„ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს", - განაცხადეს შსს-ში.
აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.