ქართულმა კომპანიამ ბულგარეთში საბორნე-სარკინიგზო გადაზიდვები დაიწყო

წაქაძე არ გამორიცხავს, ​​რომ კომპანიამ მგზავრთა გადაზიდვები წლის ბოლომდე დაიწყოს.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ქართულმა სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-მა ბულგარეთის პორტ „ვარნასთან" საბორნე-სარკინიგზო გადაზიდვა დაიწყო, განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა შალვა წაქაძემ.
საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის სარკინიგზო/საბორნე მიმოსვლა შავი ზღვის გავლით ევროპასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ბულგარეთს დიდი ხანია ვუმიზნებდით, უბრალოდ დიდი დრო იყო საჭირო. რატომ ვარნა? იმიტომ, რომ იქ ინფრასტრუქტურა აღჭურვილია, სადაც ვაგონს შეუძლია, ევროპისკენ გზა დაუბრკოლებლად გააგრძელოს. პირველი ვაგონები მიღებულია და გაგრძელდება. ძირითადი დატვირთვა სარკინიგზო ტვირთები იქნება", - განაცხადა წაქაძემ მედიაპლატფორმა BMG-ის ეთერში.
წაქაძე არ გამორიცხავს, ​​რომ კომპანიამ მგზავრთა გადაზიდვები წლის ბოლომდე დაიწყოს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მარშრუტზე შუა დერეფნის ტვირთების ტრანსპორტირება ხდება.
„საქართველოს ნავსადგურიდან გემები არ დადიოდა. ტვირთს, რომელიც ჩინეთში ან რომელიმე სარკინიგზო სადგურზე ჩაიტვირთება, ევროპის უკიდურეს ტერიტორიამდე მოძრაობა შეუჩერებლად შეუძლია. შეგვიძლია, 41 ერთეული სტანდარტული ვაგონი გადავზიდოთ. თუ მხოლოდ ცისტერნებით დაიტვირთება, 51 ერთეულიც შეგვიძლია", - განაცხადა მან.
გამოწვევებზე საუბრისას წაქაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა გაზრდილი ფასებია, რაც თავის დროზე საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.
„გამოწვევების კასკადი არის, რომელიც უნდა გადალახო. რაც შეეხება ფასს. ეს იყო საკმაოდ დიდი გამოწვევა. ადამიანებსა და კომპანიებს მეხსიერებაში ძველი ფასები აქვთ ჩარჩენილი, რომელიც იაფი იყო. ახლიდან მოგვიწია ყველაფრის გადაანგარიშება. ახლანდელი ფასები ჯერ კიდევ აგვისტოში შევათანხმეთ. კორექტირებას არ ველოდებით, არც ზრდის და არც შემცირების კუთხით", - განაცხადა წაქაძემ.
E60 Shipping Line არის ქართული წარმოშობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ დარგებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები, Inex Group, საერთაშორისო საფინანსო, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული მომსახურება.