ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. იმ დროისთვის, როცა შინაგან სამქეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვარაზისხევის, მელიქიშვილის, კეკელიძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებენ, კარვები კვირას, საღამოს გაშალეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. პოლიციამ აქციის დაშლა სამშაბათს დილით დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ აქციის დაშლისას მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.
„გავრცელებული ინფორმაციით,დაკავებულთაშორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძეც, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით.
გარდა ამისა, იოსელიანი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ხელწერილით გაუშვეს.
აქციის დაშლის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და არ აპირებენ საპროტესტო აქციების შეწყვეტას.
ამ დროისთვის პოლიციას სრულად დაკავებული აქვს ჭავჭავაძის გამზირი და აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა.