საარჩევნო დარღვევების შესასწავლად ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოგზავნის

აღნიშნული განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების შესასწავლად ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გაგზავნის - არჩევნების შედეგებმა დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა
აღნიშნული განცხადება ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც იმსჯელეს საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში განვითარებულ შემდგომ მოვლენებზე.
„არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია უკუსვლის (დემოკრატიის - რედ.) გამო და ადგილზე ვითარება შესასწავლი, გასაანალიზებელია და ტექნიკური მისიის ამოცანაც ეს არის. ჩვენ შევისწავლით სიტუაციას, გადავხედავთ ყველა ბრალდებას", - განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქმეში ჩართავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარადგინოს.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოეფინოს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს. ჩვენ ყველას გვინდა ერთი რამ, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს და ამას ძალისხმევა დასჭირდება", - განაცხადა ბორელმა.
ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს გადაუხვია დიდიხანია აცხადებენ წამყვანი ოპოზიციური ძალები და ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება და მოითხოვეს ახალი არჩევნების ჩატარება.
ბარიერგადალახური ოპოზიციური პარტიები ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარს ამბობენ. ისინი ქუჩაში აქციებს მართავენ და პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს ზურაბიშვილთან, რომელიც, თავის მხრივ, როგორც თავად აცხადებს, რეგულარულ კონტაქტზეა დასავლელ პოლიტიკოსებთან.
ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე.
ამასთან, 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.
არჩევნები 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.