მერია: თბილისში საპროტესტო აქციების გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა

საპროტესტო აქციების გამო ვაკის რაიონი ნაწილობრივ პარალიზებულია
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კარვების განთავსებისა და გზის გადაკეტვის გამო ტრანსორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აკეთებენ განცხადებებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ. კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარედ კარვები გაშალეს და მოძრაობა გადაკეტეს.
მერიის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე, ასევეკეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით.
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით.
უწყების ცნობით, დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.
კერძოდ, შესაბამის მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად. იმავე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. №385, №387 და №397 ავტობუსები კი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან.
რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, კარვებში გაათია. გუშინ აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი კარვებითა და მიკროავტობუსებით გადაკეტეს, რის გამოც ვაკის რაიონი ამ დრომდე პარალიზებულია.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქცია 24 საათზეა გათვლილი და დღეს, 20:00 საათამდე გაგრძელდება.