თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 19 და 20 ნოემბერს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).
გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.