თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელისადმი ოპოზიციის წარმომადგენლების კონკრეტული მოთხოვნების შემცველი მიმართვა ბოლშევიკური ეპოქის მოღვაწე სერგო ორჯონიკიძის მოსკოვისადმი გზავნილს შეადარა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", „ძლიერი საქართველოს" და „საქართველოსთვის" ლიდერებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და ნათლად განუცხადოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია. წერილი გაიგზავნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინა დღეს. აღნიშნულ სხდომაზე დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებული ვითარების განხილვა.
„თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს- ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირისადმი ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები ჩამოთვალა, რომელთაგან ერთ-ერთია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება.
მისი თქმით, ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ რომ ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადოს - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო შეჩერდა.
„ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს, არც მეტი, არც ნაკლები. მათ მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას შორის", - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა შეაჩეროს. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეაჩეროს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.
„მათ მოითხოვეს 120-მილიონიანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს", - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეთავაზებაა დაფინანსება მიმართული იქნას ქართული არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარების ფონდში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პირდაპირი მექანიზმების შექმნაზე.
„ისინი ყოველდღიურად ავლენენ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ის 785 ათასი ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და, საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან", - განაცხადა კობახიძემ.
წერილში ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ გააჟღერეს მათი მთავარი მოთხოვნა - გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, პოლიტიკურად დაბალანსებულ საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურად ნეიტრალური სამთავრობო ინსტიტუტების პირობებში 2025 წელს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.