თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და 19 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე ჩეხეთი-საქართველოს მატჩის ღია ჩვენებას გავმართავთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით გასვლით მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს - შეხვედრა ქალაქ ოლომოუცში 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.
„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთში. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შეხვედრაში მოგება და სამი ქულა. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად საქართველოს გაახარებენ კარგი თამაშით“, - განაცხადა კალაძემ.
ჯგუფში პირველი ადგილის ბედი 19 ნოემბერს ფინალურ ტურში გადაწყდება. ამ დღეს საქართველო ჩეხეთს, ალბანეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ალბანეთის გუნდს შვიდი ქულა აქვს. ოთხეულს რვა ქულით ჩეხეთი ლიდერობს, უკრაინა კი ხუთი ქულით ბოლო ადგილზეა.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.