თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 18-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ და პარტიამ მიიღო. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა, რომლის თანახმადაც, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" ამომრჩეველთა 53,93%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს.
„მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ, შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია, ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით!", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არჩევნების საბოლოო შედეგებით 150-დან 89 მანდატი მიიღო. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14
პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა უნდა დანიშნოს. მანამდე მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც შედგება.