თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სცენაზე ფენომენალურად წარსდგა და პირველი ადგილი დაიკავა.
წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართა, 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სცენაზე გამოვიდნენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან-მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.
ანდრიას საკონკურსო სიმღერის – To My Mom ავტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი მაკა დავითაიას ეკუთვნის.
11 წლის ანდრია 2013 წლის 11 ივნისს ბათუმში დაიბადა. სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან არის ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი. იგი ასევე სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში, ფორტეპიანოს მიმართულებით.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2023“-ზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 12 წლის ანასტასია ვასაძემ სიმღერით კომპოზიცია Over The Sky. ანამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის. ყვავილობის კონცეფცია ორგანული ელემენტების გამოყენებით Caja Mágica-ს სცენაზე გადაიტანეს, რომელიც 5000-დან 7000-მდე მაყურებელს იტევს.