არჩევნების შედეგების გაპროტესტება - შსს-მ აქციაზე სამი ადამიანი დააკავა

აქცია დაიწყო ცესკოს შენობასთან, სადაც შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობდა
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავეს მსვლელო-აქციაზე თბილისში, რომელიც არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მიმდინარეობდა, განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
აქცია დაიწყო ცესკოს შენობასთან, სადაც შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობდა, შემდგომ კი აღმაშენებლის ხეივანზე გადაინაცვლა, სადაც დასრულდა კიდეც.
„არაერთხელ განმარტა პოლიციამ, რომ არსებობს კანონი ამ ქვეყანაში და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით, როცა ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი და სურთ, გზის შეფერხება მოახდინონ, შესაბამისად მოქმედებს პოლიცია. მოვუწოდეთ არაერთხელ, რის შემდგომაც გადავიყვანეთ გზიდან. 50 ადამიანი რომ გადადის გზაზე და ხელოვნურად კეტავს სხვადასხვა წერტილში, არ შეიძლება“, – განაცხადა სირაძემ.
შედეგები
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში არჩევნების საბოლოო შედეგებით 150-დან 89 მანდატი მიიღო.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. დარჩენილი 61 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19 მანდატი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16
„ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14
პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ამგვარად, მმართველმა პარტიამ რეკორდი მოხსნა და არჩევნების შედეგების მიხედვით მეოთხედ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება - მან ამომრჩეველთა დაახლოებით 54%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.