თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ლარის კურსი გახდა ხელისუფლების ოპონენტების მთავარი პოლიტიკური შეტევის ნაწილი, რადგან სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი რეზერვებს იყენებს, განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანების კითხვებს იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა რეზერვები და ახლა ის არის საფრთხეში, რადგან საკმაოდ დიდი რესურსი დაიხარჯა.
„ეს არის აჟიოტაჟური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც მოკლევადიან პერიოდში იწვევს რყევებს. იმისთვის, რომ ეს რყევები არ გადაზრდილიყო მძიმე ვითარებაში, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია რეზერვები“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ყველა საუბარი სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე არის ხელოვნური აჟიოტაჟი.
„ვხედავთ, რომ ლარის კურსი გახდა მთავარი პოლიტიკური შეტევის ნაწილი. განსაკუთრებით ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, ე.წ. ბიზნეს - მედიების თუ მედიების ეკონომიკური შეკვეთილი სიუჟეტები პირდაპირ ემსახურებოდა როგორღაც ლარზე მაქსიმალურ ზეწოლას“, - აღნიშნა მან.
აბაშიშვილმა განმარტა, რომ სინამდვილეში ლარის კურსზე მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები: ექსპორტის ნაწილი, არის ინვესტიციების ნაწილი, ფულადი გზავნილები, შემოსავლები ტურიზმიდან, რაც ჯამში ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს.
ექსპერტმა ძალიან სამწუხარო ტენდენცია უწოდა იმ ფაქტს, როდესაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ლარის კურსზე ზეწოლა ხდება არა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების და იმ ეკონომისტების განცხადებების საფუძველზე, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს აქვთ მიღებული ეკონომიკაში განათლება და ლარის კურსის მართვას მოითხოვენ.
„ავიწყდებათ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროსტანდარტებზე და შესაბამის ქცევაზე, გაცილებით მნიშვნელოვანია მივბაძოთ და ვმართოთ და დიახ, ასეც ვმართავთ ჩვენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას კურსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ელოდება, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ის ადამიანები აზიანებენ ლარს, რომლებიც სპეკულაციურად საუბრობენ.
„თუ არ იქნება აჟიოტაჟური ქცევა და როგორც ეკონომისტები ვამბობთ ხოლმე, თუ სხვა თანაბარ პირობებში ყველაფერი წესრიგში იყო, ლარს საფრთხე ამ ნაწილში არ ემუქრება, - აღნიშნა ექსპერტმა.
ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს. წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე 382,1 მლნ დოლარი გაყიდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე სავალუტო აუქციონი ჩაატარა - არაფუნდამენტური ფაქტორების ძლიერი გავლენის გამო და წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით.
ოქტომბერში რეზერვები 627,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 31 ოქტომბრისთვის, წინასწარი მონაცემებით, შეადგენდა 4,1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც მინიმალური ნიშნულია 2022 წლის ივნისის შემდეგ, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 924,7 მლნ ლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5 მლრდ 436,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.