სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა: მიზეზი კრიპტომაინინგია

საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგი საკმაოდ პოპულარულია ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფების გამო.
Sputnik
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშისა და ჭუბერის მოსახლეობა კრიპტოვალუტის მაინინგის შედეგად გადატვირთული ტრანსფორმატორის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ნათქვამია მუნიციპალიტეტი მერიის განცხადებაში.
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
მესტია ორი წლის წინ უკვე აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში კრიპტოვალუტის მაინინგის ბევრი ობიექტის გამო. მაშინ ელექტროენერგიის ჭარბმა გამოყენებამ ქვეყნის დასავლეთით დენის გათიშვები გამოიწვია.
„მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
მერიამ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა უკონტროლო მაინინგს დაუკავშირა.
„ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტომაინინგთან", - ნათქვამია განცხადებაში.
მერიამ მაინერების მფლობელებს მოუწოდა გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
„მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
12 ნოემბერს ბიტკოინის კურსი Binance-ის ბირჟაზე ახალ აბსოლუტურ რეკორდამდე - 89,8 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ორი წლის წინ ქსელის გადატვირთვა და დაზიანება მაინინგური ფერმების მხრიდან ელექტროენერგიის რეკორდულმა მოხმარებამ გამოიწვია. აქ ისინი დიდი რაოდენობით არიან, რადგანაც სვანეთის რეგიონის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს და მოსახლეობა არ იხდის დენის საფასურს, რაც მაინერებისთვის მიმზიდველი ფაქტორია.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.
პრობლემა დროებით მას შემდეგ მოგვარდა, რაც მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ხატზე დაიფიცა, რომ რეგიონში მოქმედ კრიპტოვალუტის ყველა მაინერს გათიშავდა. ფიცის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება ჯერჯერობით არ შემცირებულა.