„ქართული ოცნება": ევროპელი დეპუტატები ქვეყნის სუვერენიტეტს ფეხქვეშ თელავენ

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიჰაუ კამინსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავისუფლებაზე უნდა იყოს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ მოწოდებები და ევროპელი დეპუტატების მონაწილეობა თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში არის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
გუშინ, ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში. თავის მხრივ, პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიჰაუ კამინსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილი თავისუფლებაზე უნდა იყოს.
„ყველაზე გულდასაწყვეტია ის, რომ ეს არის სხვა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა და ყველაზე არამეგობრული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადადგას რომელიმე ქვეყნის ოფიციალურმა პირმა“, - განაცხადა გორდულაძემ.
დეპუტატის თქმით, მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.
„თითქოს ამ ქვეყანაში კონსტიტუცია გაუქმებულია, აღარც გაეროს წესდება არსებობს, აღარ ქვეყნების სუვერენიტეტი, ქვეყანათა შორის თანასწორობა და ქვეყანამ თურმე ვიღაცების დაკრულზე უნდა იცეკვოს. ეს რომ მიუღებელია ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა გორდულაძემ.
თავის მხრივ, პარტია „ხალხის ძლის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსული ევროპელი დეპუტატები არ წარმოადგენენ არავის, მათ შორის ევროკავშირს.
„არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი აბსოლუტურად კანონიერად და სამართლიანად იმყოფება პატიმრობაში და იქ მას არავინ აწამებს. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა როგორც ელჩებს, ისე აქ გამომსვლელებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ასე რომ, ჯობს ყველამ ჯერ საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს, დასძინა დეპუტატმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.