დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვა: შამუგია ლენტეხში სარკოფაგის მშენებლობაზე

პროექტის მესამე ფაზა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სახიფათო ნარჩენების მიმართულებით მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს ტერიტორია მთლიანად იქნება უსაფრთხო, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით საცავის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ლენტეხის ორ სოფელში - ძუღარეშსა და ყორულდაშში - დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა.
პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდა, ხოლო მეორე ეტაპზე დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდა.
„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მიზანია დარიშხანის შემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების სრულად მოწესრიგება. პროექტი მოიცავს სამ ფაზას, რომელთაგან ორი უკვე დასრულებულია - ტერიტორია მთლიანად იზოლირებულია, მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული ნაპირდაცვითი, სალექარი და წყალგამყვანი არხები მოწყობის კუთხით", - განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, პროექტის მესამე ფაზა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსებისთვის სპეციალური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ძუღარეშსა და სოფელ ყორულდაშში განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები.
კერძოდ, აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგს წარეცხვისაგან. ასევე გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის.
2025 წელს განხორციელდება პროექტის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები - 50500 მ3 მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა, დარიშხანის შემცველი ნარჩენების შეგროვება და სარკოფაგში განთავსება.
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევები და მომზადდა ანგარიშები.
დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.
დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.