პრემიერი: საქართველო ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაში მოწინავე ქვეყნებს შორისაა

მსოფლიო რეიტინგში საქართველომ საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 და ევროპაში მე-13 ადგილი დაიკავა.
Sputnik
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ყველა ობიექტური ინდექსი, მათ შორის, კვლევები ბიუროკრატიის მიმართულებით, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მაჩვენებლებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბიუროკრატიის ინდექსთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკმა კვლევა Economist Intelligence Unit 2024-ის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ შეაფასა ბიუროკრატიის დონე 180 ქვეყანაში. მსოფლიო რეიტინგში საქართველომ საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 და ევროპაში მე-13 ადგილი დაიკავა.
„ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, ყველა ობიექტური ინდექსი ადასტურებს, რომ გვაქვს წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიუროკრატიის მიმართულებას, იცით, რომ გვაქვს დახვეწილი პროცედურები", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ბიუროკრატიული პროცედურების გასაუმჯობესებლად.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა არის უკვე შთამბეჭდავი, რაც შესაბამის ინდექსშიც აისახა“, - განაცხადა პრემიერმა.
რეიტინგში საქართველომ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 18 ქვეყანას გაუსწრო. ამ ქვეყნებში შედის ბელგია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი და ალბანეთი.
Economist Intelligence Unit არის ბრიტანული კვლევითი და ანალიტიკური ცენტრი (ბრიტანული საგამომცემლო ჯგუფ Economist Group-ის ქვედანაყოფი), რომელიც სპეციალიზირებულია სტრატეგიული პროგნოზირების, ეკონომიკური კვლევების, დარგობრივი და ქვეყნის ანალიზში.