თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში ჩამოსული ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ფინეთის პარლამენტების ვიცე-სპიკერებსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს უსაქმური ადამიანები უწოდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გააკრიტიკეს და დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერებმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, ამიტომაც შეხვედრები მხოლოდ ოპოზიციასთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შედგა.
„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო და მათი სიტყვით გამოსვლებიც. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? – სიცრუით", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული ევროპული პარლამენტების დეპუტატები ამ დრომდე აწარმოებდნენ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ახლაც აგრძელებენ.
„ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და, როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, – განაცხადა კალაძემ.
უფრო მეტიც, მან საქართველოში ჩამოსულ დელეგაციის წევრებს მავნებლები უწოდა.
„ეს ადამიანები ევროპის სახელით გველაპარაკებიან და ამ დროს თავად აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა მოხდეს. არამხოლოდ ახლა, ადრეც, თუ გავიხსენებთ, რამდენიმე თვის წინ რა გაცხადებებს აკეთებდნენ. ისინი ჩვეულებრივი მავნებლები არიან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული უცხოელი პოლიტიკოსები პატივს არ სცემენ საქართველოს, მის სახელმწიფოებრიობას და ხალხს.
მისი თქმით, საქართველოში ჩამოსული ევროპელი დეპუტატები, ქართველი ოპოზიციონერები და საქართველოს პრეზიდენტი ერთნი არიან და ერთი პატრონი ჰყავთ.
„ხალხმა ძალიან კარგად დაინახა სრული სურათი და მინდა, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში გარკვეული ცვლილებები უკვე დაიწყება და ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება“, – აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩამოვიდა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ყველაზე აქტიური იყო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ უწოდებს „ქართულ კოშმარს“ და აქტიურად უჭერს მხარს ოპოზიციას.
როთმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, ვიდრე ყველა საეჭვო ფაქტს ნათელი არ მოეფინება. მისი თქმით, ბრალდებები არჩევნებით მანიპულირებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ამომრჩეველთა დაშინებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი, მათ შორის ინდივიდუალური სანქციები და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, თუ მოქმედი ხელისუფლება არ შეწყვეტს ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრას.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონმა განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობისა და მთლიანად მსოფლიოს დარწმუნება მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, მაგალითად, ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ნეიტრალური ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარებულ გამოძიებას შეუძლია.
მისმა ფინელმა კოლეგამ იუკა კოპრამ განაცხადა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ შეუძლიათ საარჩევნო დარღვევების თაობაზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარონ.
თავის მხრივ, პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიჰაუ კამინსკიმ განაცხადა, რომ დღეს თბილისს „რუსული საფრთხე ემუქრება“.
საქართველო არ შეიძლება იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ამავე დროს იყოს რუსეთის გავლენის სფეროში, განაცხადა ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცემ.
თავის მხრივ, ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერმა ჟიგიმანტას პავილიონისმა და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ფრედერიკ პეტიმ გააკრიტიკეს „ქართული ოცნება" მათ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის გამო. პავილიონისის თქმით, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება არ შეხვედრია არავის, ვინც მას აკრიტიკებდა.
საპარლამენტო არჩევნები - 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ (53,93%). პარლამენტში შესულმა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ და ერთმა პარტიამ, ცესკოს შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არჩევნებულ ტოტალურად გაყალბდა. არჩევნებში სულ 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ხელისუფლება გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველდღიურად მართავენ ბრიფინგებს და კომენტარს აკეთებენ თითოეულ ბრალდებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილი აქვს არჩევნების გაყალბების ფსევდომტკიცებულებების გაყალბებას.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა, შსს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე 47 სისხლის სამართლის საქმეს იძიებენ.