თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო სერვისების განვითარების კონცეფციის და ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
განვითარების კონცეფცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალური ჯგუფის მიერ შემუშავებული და წარდგენილი იქნება არაუგვიანეს 2025 წლის 30 იანვრისა, ნათქვამია დოკუმენტში.
ენერგეტიკის სექტორში ბიუროკრატიის შემცირებისა და „ერთი ფანჯრის" პრინციპით სერვისების წარდგენის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობამ ადრე განაცხადა. მთავრობის აზრით, ეს დიდი შესაძლებლობა იქნება ინვესტიციების მოსაზიდად და ამ სფეროში კონკურენციის გასაზრდელად.
ენერგეტიკა პრიორიტეტულია
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზრდადი მოხმარების ფონზე აუცილებელია ამ სექტორის განვითარება.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
2023 წლის მაისში პირველ აუქციონზე გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.
27-ვე სადგურის ამოქმედების შემდეგ ისინი ყოველწლიურად 1.1407 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ მოიხმარა 13,7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2022 წლის მონაცემებზე 7,4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2022 წლის მონაცემზე 1%-ით მეტია.
გარდა ამისა, 2023 წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.