თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა სრულიად უფასოდ ჯამური ფართობით 880.000 ჰექტარი ფართობის 1,5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
„მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე. რეგისტრირებული მიწის ჯამური ფართობი არის 784.000 ჰა, რაც ძალიან შთამბეჭდავი მონაცემია“, - განაცხად კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის პირველი ოქტომბრიდან გაფორმდა მემორანდუმი თბილისის მერიასთან, რომლის ფარგლებშიც სისტემური რეგისტრაცია დედაქალაქშიც დაიწყო.
„რეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ სწორდება 15-20 წლის წინ არასწორად განხორციელებული რეგისტრაციებიც”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პროექტის მასშტაბის და შედეგების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს მიწების სისტემური რეგისტრაცია, რომელიც 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.
„ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებსაც არ დაურეგისტრირებიათ მიწის ნაკვეთები. ასეთია ნახევარ მილიონამდე მიწის ნაკვეთი მთლიანობაში და 2025 წლის ბოლომდე ამ მოქალაქეებსაც ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა კობახიძემ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე ხელი შეუწყოს არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.