თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში საბანკო საქმე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საზოგადოებას ბანკირის დღე მიულოცა.
ბანკირის პროფესიულ დღე საქართველოში 2001 წელს დაარსდა და აღინიშნება 8 ნოემბერს - ქვეყანაში პირველი სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსების დღეს. ეს ბანკი საქართველოში 1885 წელს დაარსდა და მას 30 წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.
„საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად მყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორის წარმატებული განვითარების შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.
„ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა“, - განაცხადა მან.
ამასთან პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი გააგრძელებს ქვეყნის საბანკო სისტემის განვითარებას.
„პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოში დღეს ფუნქციონირებს 17 კომერციული ბანკი.