თბილისის აეროპორტს საკუთარი ტაქსი ეყოლება

2023 წლის იანვრის ბოლოს ფრანგულმა კომპანია ADP Group-მა იყიდა აქციები და TAV Airports-ის მფლობელი გახდა.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. თბილისის აეროპორტიდან ტაქსით მგზავრების გადაყვანაზე კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია TAV Georgia-ს ვებგვერდზე, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
კომპანია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე.
კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მოპოვებით, შეუძლია გაეცნოს მოთხოვნებს ბმულზე. განაცხადის შეტანის ვადა - 2024 წლის 25 ნოემბრის 17:00 საათამდე.
Tav Georgia-ს ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4,8 მილიონ ადამიანს მიაღწევს.
2023 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს (0,05%-იანი ზრდა) - აეროპორტი 3.694.052 მგზავრს მოემსახურა.
2023 წლის იანვრის ბოლოს ფრანგულმა კომპანია ADP Group-მა აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა და გახდა TAV Airports-ის მფლობელი, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტების მართვას შვილობილი კომპანია TAV Georgia-ს მეშვეობით ახორციელებს.